"ბლუბერი ფარმის" მოცვი ევროპასა და აზიაში გაიყიდება
გურიაში, სოფელ ლიხაურში მოყვანილი მოცვი ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება. მათ შორის, დუბაისა და კატარში.
როგორც კომპანია „ბლუბერი ფარმის“ თანადამფუძნებელი ეკა ვეფხვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გურიაში მოყვანილი პროდუქტი ექსპორტზე უახლოეს პერიოდში გავა. „ბლუბერი ფარმის“ მოცვი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
წელს კომპანიამ დაახლოებით 50 ტონა მოცვი მიიღო,თუმცა, მისი დაკრეფა ცუდი ამინდების გამო სრულად ვერ მოხერხდა. სეზონის დასრულებამდე „ბლუბერი ფარმი“ კიდევ 40 ტონა მოცვის მიღებას ელოდება.
დღეს 1 კილოგრამი მოცვის საექსპორტო ფასი 4 აშშ დოლარია.
კომპანია „ბლუბერი ფარმი“ ძბემი არველაძეების ბიზნესია. ბაღები გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში 27 ჰექტარზეა გაშენებული. პროექტში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. როგორც ვეფხვაძე აცხადებს, სამომავლოდ კომპანია მოცვის ბაღების გაფართოებასაც გეგმავს.
„ბლუბერი ფარმი“ ეტაპობრივად გეგმავს ბაღების 50 ჰა-მდე ათვისებას, საიდანაც მოსავალს (550 ტონა) 2023 წელს ელოდება.
მოცვის ბაღებიდან მიღებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
ეკა ვეფხვაძის ინფორმაცით, კომპანიამ "ბლუბერი ფარმი" გურიაში სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო, სადაც ლურჯი მოცვის ბაღებიდან მიღებული მოსავალი შეინახება.