სოფლის მეურნეობა
27/01/2022

ბექა გონაშვილი: იმედია, იორდანიის ბაზარს აღარ დავკარგავთ

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო იორდანიის ბაზარს შეინარჩუნებს.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, 2015 წელს იორდანიამ საქართველოს ბაზარი სომხური ცხვრის გამო დაუკეტა. შესაბამისად, ბაზრის შესანარჩუნებლად, მსგავსი ქმედებები აღარ უნდა განხორციელდეს.

"ზოგადად ახალი ბაზრების გახსნა ყველანაირად სტიმულია, ხოლო დაკარგვა, დიდი პრობლემა. დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ ბაზრებზე როგორ გავალთ და რამდენად სტაბილურად შევინარჩუნებთ. იორდანიის ბაზრის შენარჩუნება დამოკიდებულია ჩვენზე, ფერმერებზე და ჩვენი სურსათის უვნებლობაზე. იორდანიის ბაზარი 2015 წელს დავკარგეთ, მან სომხური ცხვრის გამო დაგვკეტა. საქართველოდან სომხური ცხვარი შედიოდა და ამან გამოიწვია ეს პრობლემები. შესაბამისად, დიდი მუშაობა დასჭირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ეს ბაზარი ისევ გახსნილიყო. იმედი მაქვს, იორდანიის ბაზარს შევინარჩუნებთ და მსგავს ქმედებებს ადგილი აღარ ექნება", - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველომ იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი დაიწყო. წელს იორდანიაში უკვე 11 110 სული წვრილფეხა და 350 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა.

Businesspartner