სოფლის მეურნეობა
08/09/2023

ასოციაცია: ზამთარში ხილი და ბოსტნეული უფრო მეტად გაძვირდება

ხილ-ბოსტნეული წინა წლის აგვისტოსთან შედარებით მნიშვნელოვნად გაძვირდა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად, 150%-ით მოიმატა ფასმა კომბოსტოზე, 141%-ით გაძვირდა მწვანილი, 90%-ით კი საზამთრო. 62%-ით მოიმატა ყურძნის ფასმა, ბადრიჯანი და კივი 38-და 39%-ითაა გაძვირებული.

ფასმა თითქმის ყველა სახის ხილსა და ბოსტნეულზე მოიმატა.

ფასების ზრდის მიზეზად ხილ-ბოსტნეულის ასოციაციაში კლიმატურ პირობებს ასახელებენ. ორგანიზაციის განმარტებით, ზაფხულის დასაწყისში უხვმა ნალექმა, შემდგომ კი გვალვამ პრაქტიკულად გაანადგურა მოსავალი და ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა, რასაც ფასების მატებაც მოჰყვა.

ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ცივი სეზონის დადგომასთან ერთად დეფიციტი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და ზამთარში ხილი და ბოსტნეული უფრო მეტად გაძვირდება.

"წელს, თავდაპირველად უხვი ნალექი გვქონდა, ხოლო შემდგომში დიდი სიცხეები, რამაც პროდუქციის ხარისხის ვარდნა და მისი ნაკლებობა გამოიწვია, რაც  ადგილობრივ წარმოებაზე პირდაპირპროპორციულად აისახა.

ამ სეზონზე ძირითადად, საქართველოში ხილი და ბოსტნეული არის ადგილობრივი წარმოების, იმპორტს ნაკლებად ვხვდებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსავლის მოყვანა ძირითადად ღია გრუნტზე ხდება და როგორც წესი, ეს პროდუქცია იმპორტირებულ პროდუქტთანთან შედარებით იაფია.

თუმცა წელს, კლიმატური პირობების გამო, პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი არის მცირე, რაც ფასებზეც აისახება, ვინაიდან მოთხოვნა დიდია," - აცხადებს ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

Businesspartner