"ანიგოზი" წელს კაკალს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩაიბარებს
კომპანია „ანიგოზი“ წელს კაკალს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩაიბარებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა განუცხადა, კომპანია თხელნაჭუჭიან, ჩანდელის ჯიშის კაკალს ჩაიბარებს. ფერმერს მინიმუმ 100 კილოგრამი კაკლის ჩაბარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
„საწარმომ პირველ წელს ნედლეული კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ფერმერებისგან მიიღო. 2021 წელს ადგილობრივი ენდემური ჯიშების კაკლის გადამუშავება ვერ მოვახერხეთ. ნაჭუჭის სისქიდან გამომდინარე, ჩვენი დანადგარები უძლურია ასეთ პროდუქტთან მიმართებაში. არის გადამუშავების სხვა ტექნოლოგიაც, როგორიცაა ხელით მტვრევა, რომელსაც ალბათ დავნერგავთ, თუმცა, ამას სჭირდება დრო და გამოცდილება,“ - აცხადებს ქევხიშვილი.
„ანიგოზის“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ 2021 წელს კომპანიამ 110 ტონა კაკალი გადაამუშავა, წელს კი მაჩვენებელი გასამმაგდება.
შეგახსენებთ, კომპანიამ "ანიგოზი" 2.5 მილიონი ლარის ინვესტიციით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში კაკლის გადამმუშავებელი საწარმო 2021 წელს გახსნა. საწარმოს მაქსიმალური წარმადობა 500 ტონა კაკლის გადამუშავებაა.
კომპანია ნედლეულად საკუთარი ბაღების გარდა, მცირე ფერმერებისგან შეძენილ პროდუქტს იბარებს. მზა მასალა (ლებნები) ბაზარზე ვაკუუმ შეფუთვით, „გუდვილის“ და „აგროჰაბის“ ქსელში იყიდება.