სოფლის მეურნეობა
17/09/2020

ანა მიქაძე: ყველის ბაზარზე მდგომარეობა ამაზე მეტად ვერ გაუარესდება

კორონავირუსის გავლენის ფონზე ყველის წარმოება შემცირდა. როგორც საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, ყველაზე დიდი გავლენა პანდემიამ ნიშური ყველის წარმოებაზე იქონია.

მისი თქმით, ამ ტიპის ყველის რეალიზება HoReCa სექტორში ხდებოდა და მეწარმეებს რეალიზაციის არეალი შეეზღუდათ. ანა მიქაძის თქმით, საკოლმეურნეო ბაზრებში შემცირებულია სულგუნის, იმერული და შებოლილი ყველის ფასები, თუმცა ასოციაციის თავმჯდომარე ყველის ფასის მეტად შემცირებას არ ვარაუდობს.

„ყველის გარეშე ადამიანებს არსებობა არ შეუძლიათ და ამიტომ ამაზე მეტად მგომარეობა ვერ გაუარესდება. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ნიშური ყველის შემთხვევაში. მათი წარმოება შეჩერდება. ბუტიკურ და ნიშურ ყველზე ბოლო წლებში ტურისტებისგან რესტორნებში მოთხოვნა გაზრდილი იყო, თუმცა პანდემიამ ეს მოთხოვნა შეამცირა. რაც შეეხება იმერულ, შებოლილ და სულგუნის ყველს, ამაზე მეტად მდგომარეობა არ გაუარესდება,“ - ანა მიქაძე.