ბიზნესი
13/07/2023

“არქიდეა“ წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

არქტიტექტურულ-საპროექტო კომპანია „არქიდეა“ წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა. აღნიშნული აღიარება კომპანიამ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის კავშირის საერთაშორისო დაჯილდოებაზე მიიღო.

როგორც „არქიდეას“ გენერალური დირექტორი გიორგი ქევანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნული აღიარება კომპანიისთვის დამატებითი ახალი პროექტების საფუძველი გახდება. მათ შორის, საუბარია უცხოელი დამკვეთების კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

„საქართველოში შემოსულ პარტნიორებთან კოლაბორაცია პროექტების დაგეგმარების თვალსაზრისით უკვე გვაქვს. აღნიშნული აღიარება ახალი პროექტების მოზიდვაში ძალიან დაგვეხმარება,” -აცხადებს ქევანიშვილი.

მისი ინფორმაციით, ღონისძიებაზე ჯამში 15-მდე კომპანია დაჯილდოვდა, რომლებიც ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მონაცემების შედეგად, შემოსავლებისა და ხარისხის თვალსაზრისით შეირჩნენ.

ქევანიშვილი ასევე ბიზნესის მზარდ მაჩვენებელზე საუბრობს. მისი თქმით,  კომპანია ყოველწლიურად ვითარდება და საქართველოში წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან, როგორიცაა M2, თეთრი კვადრატი, არქი ჰოტელსი, ამასთან სასტუმროების პროექტირებაში აქტიურად თანამშრომლოს სხვადასხვა ოპერატორებთან, რომელთაც საქართველოში შემოყავთ  მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ბრენდები.

მისი ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში კომპანიას მნიშვნელოვანი ჩავარდნა ჰქონდა დეველოპერული პროექტების მხრივ, რა დროსაც გაიზარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტირების დაკვეთები, ფიზიკურ პირების მხრიდან.

როგორც თავადვე აღნიშნავს, ეს თემა დღემდე აქტუალურია, რადგანაც პრობლემად იქცა ქალაქის გადაჭედილი განაშენიანება და აქედან გამომდინარე მოთხოვნა გაიზარდა ქალაქის მიმდებარედ არსებული ურბანულად აუთვისებელ ტერიტორიებზე, რაც განაპირობებს ინდივიდუალური სახლების  პროექტირებაზე მაღალ მოთხოვნას.

ჩვენს დამკვეთებს ძირითადად წარმოადგენს ქართველი დეველოპერები, მაგრამ ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლების დაპროექტებას ძირითადად ემიგრანტები ითხოვენ.

რაც შეეხება ფასებს, არქტიტექტურული-საპროექტო კომპანია „არქიდეა“-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ საპროექტო ნაწილში ფასები გაიზარდა, რაც ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია.

ცნობისთვის, არქტიტექტურულ-საპროექტო კომპანია „არქიდეა“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Businesspartner