სოფლის მეურნეობა
24/08/2023

"500-მდე ღვინის მწარმოებელს სახელმწიფო საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას აძლევს"

„ყველა წინაპირობა შექმნილია, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებულად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც, ბოლო წლების განმავლობაში, მევენახეებსა და მეღვინეებს აქვთ სახელმწიფოს მხრიდან. 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს სახელმწიფო საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც სუბსიდირების, ისე დაზღვევის თანადაფინანსების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა. დარგისადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატულია აგროკრედიტის და მარკეტინგული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამებით“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, სახელმწიფო, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 15 მლნ ლარს ხარჯავს  ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პრიორიტეტულ ბაზრებზე. მეწარმეებს სახელმწიფო ეხმარება მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაში; შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან 103 მლნ ლიტრის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთველი 2023 წლის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს და ფერმერებს 1 კილოგრამში  90 თეთრი გადაუხადოს.

 

Businesspartner