სოფლის მეურნეობა
13/10/2023

30 000 სტუმარზე მეტი და 337 მონაწილე - ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალი საქართველოში

14 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, გურჯაანის ღვინის ფესტივალ გაიმართება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალს 7 წლიანი ისტორია აქვს (დაარსდა 2017 წელს), რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება და მისი მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.

წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული.

წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში.

მუსიკალურ განწყობას შექმნიან:  ქართული ხმები, Bedford Falls, NonStop band , ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია და შერეკილები. ამ დღეს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი მუსიკოსები და ფოლკლორული ანსამბლებიც იზრუნებენ:ნათია ქოროღლიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, მაია ჩუგოშვილი, თინათინ ბასოშვილი, თამცი რუაძე, ნინია ქაჩლიშვილი, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "გურჯაანი",  ანსამბლი "ხარება", "ბავშვთა კვარტეტი" Leko’s Music Studio და ანსამბლი "გურჯაანი".

"გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით საქართველოში იმართება. გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან

დაინტერესება მონაწილეთა მხრდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული. ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლიათ გაეცნონ როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნონ დამწყები მეღვინეების პროდუქცია. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ..

წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა  მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის ფესტივალი "სტუმარმასპინძლობას" მიუძღვნას. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი ყველა სტუმრისთვის განსაკუთრებული მასპინძელია," -  ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეთა დაინტერესებაზე საუბრობენ  საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც ქართული და საერთაშორისო ღვინის ჟიურის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა 500 ქართული ღვინო და დააჯილდოვა რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით. IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ეს გამონაკლისი მეორედ გაკეთდა IWSC-ის კონკურსის ისტორიაში და პირველად ევროპაში.

წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი,  ღვინის დღეების პერიოდში მიმდინარეობს და მისი ოფიციალური პარტნიორები არიან IWSC და "ჯეპრა", ხოლო ტრადიციული მასპინძელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023-ის სპონსორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი, თელიანი ველი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ფესტივალის მხარდამჭერები: m², საქპატენტი, GITA, USAID, LEPERT, Red Bull, ZINC NETWORK, ბაკურიანი და გურჯაანის ნაყინი.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი, რუსთავი 2, პალიტრა მედია,

Business-partner.ge, commersant.ge, რადიო უცნობი

 

Businesspartner