სოფლის მეურნეობა
24/09/2020

16 ქვევრი და საუკუნოვანი საწნახელი - "მინდიაშვილების მარანი" ქვევრის ღვინოს დააყენებს

მინდიაშვილებმა ოჯახური მარანი გახსნეს. ახალ მარანში წელს პირველად, ოჯახური ბრენდის ქვეშ, ქვევრის ღვინის დაყენებას გეგმავენ.

მარანი სოფელ შილდაში მდებარეობს. მინდიაშვილების ოჯახს 21 ჰა ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახი აქვს.

მარნის ასაშენებლად მინდიაშვილებმა სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამით „ახალგაზრდა მეწარმე" ისარგებლეს. მარანში 16 ქვევრი და საუკუნოვანი საწნახელია. სამომავლოდ, ოჯახი მარნის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის აშენებასაც გეგმავს.

ოჯახმა შარშან სეტყვამ ყურძენი გაუნადგურდა და წელს მოსავალი მთლიანად დააზღვია. ფერმერი, ახლო მომავალში, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟებასაც გეგმავს. 

მინდიაშვილების ოჯახური მარნის გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშილიც დაესრო.

"მოხარული ვარ, რომ კახეთში კიდევ ერთ ასეთი ოჯახური მარანი გაიხსნა. მეწარმე, რომელიც აქამდე მხოლოდ ყურძნის პირველად წარმოებას ახორციელებდა, შეძლებს მოსავალი თავად გადაამუშაოს, აწარმოოს ღვინო და შექმნას დამატებითი ღირებულება, ამასთან დაასაქმოს ადგილობრივები და მეტი სარგებელი მოუტანოს როგორც საკუთარ, ისე მათ ოჯახებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.