საზოგადოება
11/03/2022

"ზუთხისებრთა ყველა სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა" - კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობი იზრდება

კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი იზრდება 671.5 ჰექტარით და ხდება 44 980 ჰექტარი. აქედადან, სახმელეთო ფართობი იზრდება 196.7 ჰექტარით და ხდება 22 229 ჰექტარი, ხოლო ზღვის აკვატორია იზრდება 475 ჰა-თი და ხდება 15 751 ჰა. ცვლილება "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონში შედის. 

კანონპროექტის მიღების მიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი ზუთხისებრთა დაცვისთვის.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში გავრცელებულია ზუთხისებრთა 6 სახეობა, რომელიც საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შეტანილი. საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ყველა სახეობა გლობალურად გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა, რაც მიუთითებს დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე. 

"მსოფლიოში ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად საჭირო ბუნებრივი სატოფო ადგილები საკმაოდ შეზღუდულია. მდ. რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც შემორჩენილია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და, შესაბამისად, ჯერ კიდევ ხდება მათი ბუნებრივ გარემოში გამრავლება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად შავი ზღვის აუზის მხოლოდ ორ მდინარეში - რიონსა და დუნაიში - ხდება ზუთხისებრთა ბუნებრივად გამრავლება. შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ სანაპიროზე კი მდ. რიონი ერთადერთი და შეუცვლელი ადგილია ზუთხისებრთა ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად. ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მდ. რიონში შემორჩენილი 9 კმ-იანი სატოფო მონაკვეთი არის მდინარის ერთადერთი ფუნქციური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ზუთხისებრთა ბუნებრივ პირობებში გამრავლებას. შესაბამისად ხდება მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავში ტერიტორიას ენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.