ზურაბ აზარაშვილი: თურქეთის ბაზრის გახსნა მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე შეუმცირებს ხარჯს
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნა მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე შეუმცირებს ხარჯს.
"ეს არის ის მედიკამენტები, რომელიც ფორმა 100-ით გადმოქონდათ, ძალიან მცირე რაოდენობით. დღეს ეს მედიკამენტები საქართველოში იყიდება, ზოგიერთ შემთხვევაში მარჟები ადის 1000%-მდე. ამ 200 მედიკამენტში არის ისეთი, რაც მაგალითად თურქეთში ღირს 5 ლარი, საქართველოში კი, სხვა ქვეყნის წარმოებული, ზუსტად იგივე მედიკამენტი, იგივე ბრენდით, იგივე დასახელებით იყიდება 10-ჯერ ძვირად", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა აქვე დააკონკრეტა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა სრულად და არა კონკრეტული მედიკამენტებისთვის.
"თურქეთიდან იმ GMP-ის სერტიფიკატებით შემოვა მედიკამენტები, რასაც ჩვენ მოვითხოვთ იმპორტიორებისგან. ეს იქნება 200, 500 თუ 1000 მედიკამენტი, ამას უკვე ბაზარი გვაჩვენებს. ჩვენ ბაზარი არ გაგვიხსნია კონკრეტული მედიკამენტებისთვის, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ისევე როგორც 40-მდე ქვეყანა უკვე გახსნილია 2009 წლის შემდეგ. არავითარი განსხვავებული რეჟიმი არ იმოქმედებს",- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთიდან საქართველოში იაფი და ხარისხიანი მედიკამენტი შემოვა.