ზურაბ აზარაშვილი: პრემიერი ანტივაქსერი არ არის
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პრემიერი ანტივაქსერი არ არის, რადგან ის ორჯერ ვაქცინირებულია. მან ეს განმარტება პრემიერის ფრაზასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ "ვაქცინა არ მუშაობს".
ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რა იგულისხმა პრემიერმა აღნიშნულის თქმის დროს - საქართველოში არსებული ვაქცინები "ომიკრონის" შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, თუმცა იცავს გართულებებისგან.
"რა თქმა უნდა პრემიერი ანტივაქსერი არ არის. შეუძლებელია იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ მას ორი ვაქცინა აქვს გაკეთებული. პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, ასევე, სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელს ზემოთ ასაკის პირებს ეხებათ.
მან რაც თქვა, ეს იგულისხმა - ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც "ომიკრონის" შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს. მან თქვა, რომ ინფიცირების დროს ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ იყო ვაქცინირებული", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.