ზურაბ აზარაშვილი: მარტი-აპრილში მოქალაქეებმა მედიკამენტებზე ჯამში ₾35 მლნ დაზოგეს
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში 400-ზე მეტი დასახელების თურქული მედიკამენტი შემოვიდა. ფასები კი, 80%-მდე შემცირდა.
მისი თქმით, მარტი-აპრილში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტი 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა. 50 მლნ ლარის ნაცვლად კი, 15 მლნ ლარი გადაიხადეს. დაიზოგა 35 მლნ ლარი.
"მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი შეღავათია. მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეებში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტი და ძველი ფასებით, 50 მლნ ლარის ნაცვლად, გადაიხადა დაახლოებით 15 მლნ ლარი. მხოლოდ ამ 2 თვეში სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაზოგვა, რაც შეადგენს 35 მლნ ლარამდე თანხას", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზე.
"სამინისტროში სპეციალურად შექმნილ ჯგუფთან ერთად რეფორმის დაწყებამდე პირადად ვიმყოფებოდი თურქეთში, სადაც გაიმართა არაერთი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან. ჩვენ ადგილზევე გავეცანით მედიკამენტების წარმოების პროცესს და თურქი კოლეგებისგან მივიღეთ სრულყოფილი გარანტია მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც აკმაყოფილებს წამლის საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის GMP სტანდარტს"- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.