ზურაბ აზარაშვილი: დევნილების ბინებისთვის სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უკვე შერჩეულია. აგრეთვე დაწყებულია მოლაპარაკება სამშენებლო კომპანიებთან, მშენებლობების დაწყების კუთხით.
რაც შეეხება სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებს, მინისტრის ინფორმაციით, ისინი მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, მანამდე კი, შესაძლებლობა აქვთ, ქირით იცხოვრონ, რაც მათ აუნაზღაურდებათ.
"ასევე თბილისში, რადგან სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით კრიტიკული მდგომარეობაა, მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არსებული ფასების ფარგლებში, შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში და უკვე მიმდინარე წელს ჩვენ დავაკმაყოფილებთ ამ მოსახლეობას. დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობებით სხვადასხვა ბინები, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას და მშენებლობების დასრულებამდე მათ შეეძლებათ იქ ცხოვრება", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.