საზოგადოება
24/06/2021

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი აშენდება

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობა იგეგმება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცით, ახალგაზრდული ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენდება. პროგრამა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარებას მოიცავს.
 
ახალგაზრდული ცენტრის, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კონცეფცია გულისხმობს ისეთი თანამედროვე სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეუქმნის განვითარების, საკუთარი იდეების დამუშავების, მათი წარდგენის, სიახლეების დანერგვის მეტ საშუალებას.
 
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის და კაფე.
 
უწყების ინფორმაცით,პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონი ლარია.
 
მუნიციპალური განვითარების ფონდიმა ზუგდიდში ახალი სპორტ-კომპლექსის მშენებლობაც დაიწყო. გარდა ამისა, ფონდი ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული 600 ოჯახისთვის 5 ახალ კორპუსა აშენებს.