საზოგადოება
27/06/2021

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია 2021 წლის ბოლოს დასრულდება

 
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის მოსახლეობისათვის.
 
"გზის ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია 40 წელი არ ჩატარებია, გზა იყო ძლიერ ვიწრო და გრუნტიანი, რომელზეც ხშირად ვითარდებოდა მეწყრული პროცესები, ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი არ იყო უსაფრთხო
გზის რეაბილიტაციასთან ერთად მიმდინარეობს 17 ახალი ხიდის მშენებლობა, ძველი ხიდების უმეტესობა აშენებულია 60-იან წლებში, რის გამოც ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, ახალი სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება“-აცხადებენ სამინისტროში. 
 
მათივე განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე უკვე დასრულებულია გზის 84 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო 16 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.
 
სამინისტროს ინფორმაციით,ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციით შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება ბევრად უსაფრთხო, გაუმჯობესებული გზა ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებასაც.