ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ფული აქვს, მაგრამ წყლის პრობლემას არ აგვარებს - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა აქვს.
მუნიციპალიტეტის განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია და გაწეულია მხოლოდ 210.2 ათასი ლარის ხარჯი. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
უფრო დეტალურად, ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში 210.2 ათასი ლარიდან თანხის დიდი ნაწილი – 144.5 ათასი ლარი მოდის 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე - ჭების მოწყობა, ავზების, წყლის მილებისა და სხვა მასალების შეძენა.
„შედეგად, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას“,- ნათქვამია ანგარიშში.
კერძოდ, მუნიციპალიტეტის 57 სოფელში მცხოვრები 17611 ოჯახიდან: 2761 ოჯახს წყალი მიეწოდება მუდმივად; 10665 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით; 4185 ოჯახს წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება და სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.
„აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას. ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის დაქლორვის საშუალებებით. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება. მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემის გადასაწყვეტად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ნაწილი დაუსრულებელია. კერძოდ, პროგრამის დაფინანსების სიმცირის გამო ვერ მოხერხდა მოწყობილი ჭების გამოყენება – დასაქსელია სისტემა, შესაძენია ძრავები, მრიცხველები და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშზე მუდმივად ერიცხება საკმარისი თავისუფალი ნაშთი, მუნიციპალიტეტმა არ გამოყო დაფინანსება პროგრამის ფარგლებში დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად“,- აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, 2018-2019 წლებში წყლის მომხმარებელი აბონენტების გამრიცხველიანების სამუშაოები არ დაფინანსებულა, რაც ხელს შეუწყობდა წყლის ეკონომიას და თანაბარ განაწილებას.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული საკითხი არ არის მიჩნეული პრიორიტეტად. ამ მიმართულებით თანხების გამოყოფას არც 2020 წელს მიღებული დოკუმენტი ითვალისწინებს, 2020-2023 წლების სამოქმედო პერიოდისათვის.