საზოგადოება
20/12/2021

ზაზა ფაჩულია: ბიზნესში ბევრი შეცდომა დამიშვია

"მიხარია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ ქვეყნისთვის," – ამბობს ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნებს ხსნის.

როგორც კალათბურთელმა "იმედის" ეთერში განაცხადა, ეს ხანგრძლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 20 მოედნის გახსნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ითამაშოს. 

კითხვაზე დაუშვია თუ არა შეცდომა, ზაზა ფაჩულია პასუხობს: "ბიზნესში ბევრი შეცდომა დამიშვია და ცხოვრება ის არის, რომ უნდა იბრძოლო ყოველდღე, ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის და მჯეროდა, რომ ვიღაც კარს გამიღებდა, მთავარია კართან იდგე".

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნები ეწყობა. ქვეყნის მასტაბით ამ დროისთვის რამდენიმე ასეთი საკალათბურთო მოედანია აშენებული, მათ შორის თბილისში, ოზურგეთში, გორში, სენაკში და სხვა. სპორტული მოედნები საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით.
 
ინფორმაციისთვის, პროექტი, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, მუნიციპალიტეტებისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა.