ვისთვის განიხილება იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირება
მიმდინარე კვირას ექსპერტები კონკრეტული შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადის შემცირების საკითხს განიხილავენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვადის შემცირებაზე არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, იმ დათქმით, რომ კოვიდინფიცირებიდან მე-5 დღეს ჩატარდება ტესტი და პასუხი უარყოფითი იქნება, პირს, პირბადის გამოყენებით, ბიზნესაქტივობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში აქცენტი კეთდება იმ პროფესიის ადამიანებზე, ვისი სამსახურში დროული დაბრუნებაც მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საუბარია კოვიდპროგრამაში ჩართულ სამედიცინო პერსონალზე.
"სამედიცინო პერსონალში გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მაღალი რისკის გარემოში მუშაობენ. სწორედ იზოლაციის 5 დღემდე შემცირება შესაძლოა მათი სამუშაო ადგილებზე დროული დაბრუნებისთვის დაგვეხმაროს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.