საზოგადოება
07/01/2021

ვის და რა ფორმით დაუსუბსიდირდება გაძვირებული ენერგოტარიფი - გზამკვლევი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დეტალურად  განმარტავენ, რას გულისხმობს ელექტროენერგიის ტარიფის ახალი სქემა, ვისზე ვრცელდება მთავრობის სუბსიდია და ამჟამად, რამდენი აბონენტი სარგებლობს აღნიშნული შეღავათით.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, ფიზიკური პირების შემთხვევაში ახლაც მოქმედებს სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც  200 კვტ.-მდე ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯს მთავრობა სრულად ფარავს.  ამას ემატება სუბსიდირების ახალი მექანიზმი, რომელიც ვრცელდება 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედ ტარიფსა და ახალ ტარიფს შორის სხვაობაზე.

„12 თვის განმავლობაში, სუბსიდირების ახალი მექანიზმი  შეეხება იმ კატეგორიის მომხმარებლებს, რომლებიც მოიხმარენ 300 კვტ-ზე ნაკლებს. როგორც მოგეხსენებათ, ელექტროენერგეტიკაში არსებობს 3 საფეხურიანი სატარიფო გეგმა,  მათ შორის, ვინც მოიხმარს 100 კვტ-მდე, 100-დან 300კვტ-მდე და 300 კვტ და ზემოთ.

შესაბამისად, ეს სუბსიდია შეეხება პირველ ორ კატეგორიას. ჩვენ გვყვავს საყოფახოვრებო მომხმარებელი დაახლოებით 1.715 მილიონი, აქედან 66 000 მომხმარებელი სუბსიდირების პროგრამაში ვერ ხვდება. ანუ 96%-ზე მეტი მოხვდება სრულად სუბსიდირებაში“-აცხადებს ფანგანი.

როგორც კომისიის წევრი აცხადებებს, თუ მომხმარებელი მოიხმარს თვეში 200კვტ-მდე, ის მთავრობისგან სრულად სუბსიდირედება, ხოლო თუ მოხმარება 200-დან 300 კვტ-მდე იქნება, სუბსიდირდება მხოლოდ ნაზარდი, ანუ 3.5 თეთრი. 300 კვტ-ზე ზემოთ მოხმარებაზე კი შეღავათი არ ვრცელდება.

„იანვარ-თებერვალში ახალი სუბსიდია შეეხება დამატებით 500 000 მომხმარებელს, ხოლო თებერვლის შემდეგ, როდესაც 1 სუბსიდია დარჩება, ეს შეეხება მათ, ვისაც 300 კვტ-მდე ნაკლებს მოიხმარს,“ - აცხადებს ფანგანი.

შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება (დღგ-ს ჩათვლით).

თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

ასევე მოქმედებს მთავრობის სუბსიდია, რომელიც კომუნალურ გადასახადებზე შეღავათს  გულისხმობს. მთავრობა კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს.