ვინ როდის აიცრება - ჯანდაცვის მინისტრმა COVID-ვაქცინაციის პრიორიტეტები დაასახელა
ვაქცინაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ პრიორიტეტებს ყველა ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ათანხმებს. ასევე, ეკა ტიკარაძის თქმით, ყველა ქვეყნის პრიორიტეტი თავდაპირველად მედიკოსების ვაქცინაციაა.
„ჩვენ მოწოდებული გვაქვს პრიორიტეტები. ამ პრიორიტეტებს ყველა ქვეყანა ათანხმებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. განსაზღვრულია რისკ ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტრატეგიულად გეგმავს, რომ მათი მედიკოსები არ დაინფიცირდნენ, რათა შეძლონ მუშაობის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტში ყველა ქვეყანაში არიან მედიკოსები. მედიკოსების ვაქცინაცია ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობას. შემდეგ უკვე არიან ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე პენსიონერები და ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით ამ პროცესს.
საქართველოში ჩვენ არ გვყავს 100 000 მედიკოსი. აქედან გამომდინარე, შემოტანილი ვაქცინა პროპორციულად გადანაწილდება იმ ჯგუფებზე, რომელიც შეთანხმებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“,- აღნიშნა ტიკარაძემ.