ვიქტორ ყიფიანი: რუსეთი განაგრძობს რეალობის საკუთარ თავზე მორგებას და ისტორიის გადაწერას
"რუსეთის ფედერაცია განაგრძობს არამარტო რეალობის საკუთარ თავზე მორგებას, არამედ განაგრძობს ისტორიის გადაწერას და ისტორიული ფაქტებისა და გარემოებების იმგვარად წარმოდგენას, როგორც მას სურს."- ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას.
ვიქტორ ყიფიანი გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" აღნიშნავს, რომ პუტინის გუშინდელ განცხადებაში მოვისმინეთ ორი მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ უკრაინა არის პრაქტიკულად გეოგრაფია და არა სახელმწიფო, ხოლო უკრაინის ხელისუფლება არა ხელისუფლება, არამედ რეჟიმი და კლანია.
"ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია ასე სათავისოდ მოირგოს ისტორიული გარემოებები და საერთაშორისო სამართლის ფორმები. ვფიქრობ, შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებაც კი არ არის საჭირო, იმდენად ზედაპირზეა ამ განცხადებების სიღრმე და დრამატულობა.
რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეებს, როდესაც საუბარია არსებული ოკუპაციის გამწვავებაზე და ანექსიაზე, განმუხვტვაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის კიდევ უფრო ღრმად გადადგმული ნაბიჯი შემდგომი შესაძლო ესკალაციის კუთხით და პროგნოზირება თავისთავად სასიკეთო ვერ იქნება. ”-ამბობს ვიქტორ ყიფიანი.