ვაქცინის შესაძლო გვერდით მოვლენებს დეტალურად შევისწავლით - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის სამინისტრო კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში ვაქცინის შესაძლო გვერდით მოვლენებს დეტალურად შეისწავლის, - ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"ყველა ვაქცინაზე, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს ახასიათებს გვერდითი რეაქციები. ამაზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ანგარიშგების ვალდებულება გლობალურად გვაქვს. არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ეს ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ",- აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველო ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ემზადება. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ქვეყანა მზადაა ყველა ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინა შემოვა, შემდეგ კი, AstraZeneca-ს ვაქცინა.
პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფების ვაქცინაცია იგეგმება, მათ შორის, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, ხანდაზმულები.