საზოგადოება
07/04/2021

ვაქცინაციის მსურველები პორტალზე რეგისტრაციას შეძლებენ - მთავრობა მოთხოვნებს შეისწავლის

ჯანდაცვის სექტორი ვაქცინაციის მსურველების მოთხოვნების შესწავლას იწყებს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებპორტალი, სადაც ჯგუფის განურჩევლად, მოქალაქეები წინასწარ დარეგისტრირდებიან, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად. მათ აგრეთვე შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ მათთვის სასურველი ვაქცინა.

“საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და აგრეთვე ფართოდ არის ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით.

ვთვლით, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რა ვაქცინები შემოვიტანოთ საქართველოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პორტალი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.