ვაქცინაციის ფინანსური წახალისებით 100 000-მა ასაკოვანმა ისარგებლა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი" უკვე დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული შტამის გავრცელებასთან ერთად მოსალოდნელია შემთხვევების მატება. შესაბამისად, კლინიკები მობილიზებულები არიან ამისთვის.
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში ვაქცინაციისთვის ფინანსური წახალისება ეფექტური აღმოჩნდა.
მისი ინფორმაციით, 100 000-ს გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომლებმაც ამ აქციის ფარგლებში პირველი აცრა ჩაიტარეს.
ამ გათვლით, 60 წლის ზემოთ პირთა ვაქცინაციის წახალისებაზე 20 მლნ ლარი დაიხარჯა.
შეგახსენებთ, 60 წლის ზემოთ პირები, ვინც კოვიდვაქცინას გაიკეთებენ, 200 ლარიან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. აქცია მიმდინარე წლის ბოლომდე გრძელდება.