ვახტანგ მეგრელიშვილი: საქართველოს მოქალაქეები სინამდვილეში ძალიან მდიდრები არიან
“დადგა დრო, საქართველოს მოქალაქებმა იცოდნენ, რომ სინამდვილეში ისინი არიან ძალიან მდიდრები“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში სესიაზე განაცხადა.
დეპუტატმა საპრივატიზებო ობიექტების არეალის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ისეთი ქონების მესაკუთრეები უნდა გახდნენ, რასაც ამ ეტაპზე საბჭოთა კავშირის აზროვნების გავლენით ვერ წარმოიდგენენ.
“პრივატიზაციის ტემპი არასაკმარისია. შემდეგი წლიდან პრემიერი 300 მილიონის პრივატიზაციის გაკეთებას გეგმავს, რაც ძალიან სწორია.
რისი საკუთრება გვაქვს აკრძალული - სია საკმაოდ გრძელია და რამდენიმეს გეტყვით, ჩვენ აკრძალული გვაქვს წიაღისეულის პრივატიზაცია, ანუ ჩვენი მოქალაქეები ვერასოდეს ვერ იქნებიან საქართველოში არსებული სიმდიდრის მესაკუთრეები, ვერ იქნებიან ტყის მესაკუთრეები, წყლის, გზის, პროკურატურის და შსს-ს ქონებების და ა.შ.
სტატისტიკის სამსახურის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიების 12%-ია კერძო მესაკუთრეების ხელში, შეიძლება მას შემდეგ კიდევ მოხდა პრივატიზაცია და ეს ციფრი შეიცვალა, მაგრამ დიდად ვერ შეიცვლებოდა და 20%-30%-ზე მეტი ვერ იქნებოდა.
ჩვენ ავიღეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება და ვნახეთ რამდენია საბჭოთა კავშირის დროს დაზვერილი ჩვენი წიაღისეული. ყველაზე იაფ ფასად 37 მილიარდი დოლარის მხოლოდ მეტალები გვაქვს. ხე-ტყის ყველაზე იაფი ფასი რომ ავიღოთ, 40 მილიარდი დოლარის გვაქვს. ნახშირის დაზვერილი მარაგი არის 17 მილიარდის. ცოტახანში შეიძლება განახლებადი ენერგიების გამო ნახშირი კაცობრიობისთვის საერთოდ გამოუყენებელი იყოს და ის ნახშირი, რომელსაც ახლა ჩვენ მოვიპოვებთ, ტყუილად დარჩეს ტყიბულში, ისე, რომ საერთოდ ვერასოდეს ვერავინ ვეღარ გამოიყენოს. მხოლოდ ბუნებრივი რესურსების დათვლით, ყველაზე იაფ ფასად 144 მილიარდი დოლარის ბუნებრივი წიაღისეულია ამ ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში. 1 ადამიანზე, 4 მილიონი მოქალაქე რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის საშუალოდ 32 000 დოლარი.
ჩემი აზრით, ჩვენ თუ წარმოვიდგენთ, რა შეიძლება იყოს გაყიდული... საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ და იმდენი ხნის განმავლობაში საერთოდ არაფრის მესაკუთრეები არ ვიყავით, ჩვენ უბრალოდ არ ვფიქრობთ ისეთ რამეებზე, რომელსაც უზარმაზარი ფასი აქვს. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რისი მეპატრონეები არიან. რა შიშების გამო ვიკავებთ ჩვენ თავს ამ თემაზე ლაპარაკისგან. დადგა დრო, საქართველოს მოქალაქებმა იცოდნენ, რომ სინამდვილეში ისინი არიან ძალიან მდიდრები, ნებისმიერი ბავშვი მხოლოდ იმ ვალებით კი არ იბადება, რომელიც ჩვენ მათ მაგივრად ავიღეთ, არამედ ისინი იბადებიან მემკვირეობით,რომელიც მათ მშობლებს არ მოუთხოვიათ არასოდეს და შესაბამისად ვერ გადაუციათ თავისი შვილებისთვის“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა სესიაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატი ციხე-სიმაგრეების პრივატიზების იდეით გამოვიდა.
“ციხე-სიმაგრეები, რომელიც მთელ საქართველოში ინგრევა და კაციშვილი პატრონი არ ჰაყვს, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც შეიძლება ყოფილიყო ცხოვრების სიამოვნება ამ ქონების მიხედვა და გაცოცხლება, ისევე როგორც ნებისმიერი იმ სიმდიდრის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.