საზოგადოება
17/03/2022

ვახტანგ გომელაური: 2019 წელთან შედარებით 50%-ით ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში 2022 წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. 

"2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო, შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი მაშინდელთან შედარებით 50%-ით ნაკლებია.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ძირითადად ეთნიკურად  ჩრდილო კავკასიელები არიან. თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში სასაზღვრო გამტარი პუნქტის დარიალის გავლით.

რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად შსს აქტიურად განაგრძობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ამ მიზნით განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე ყველა შესაბამის ღონისძებას ახორციელებენ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.