უმსხვილესი მუნიციპალური საწარმოები, რომლებიც წაგებაზე მუშაობენ - IDFI-ს კვლევა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 10 უმსხვილეს მუნიციპალურ საწარმოს ასახელებს, რომლის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი გაზრდილია, თუმცა მათი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს.
2019 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 18,3 მლნ ლარია და ის მუნიციპალური ბიუჯეტიდან სუბსიდირდება.
შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის შრომის ანაზღაურების ხარჯი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 1,65 მლნ ლარით გაიზარდა, 5,666 მლნ-მდე. კომპანიამ 2019 წელი 713 925 ლარის ზარალით დახურა. 2019 წელს სულ შემოსავალი 12 მლნ-მდეა. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 500-ია.
შპს სანდასუფთავების (ბათუმი) შრომის ანაზღაურების ხარჯი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 1,5 მლნ ლარით გაიზარდა და 7,623 მლნ ლარი შეადგინა. მუნიციპალურ საწარმოს 2019 წელს 428 926 ლარის მოგება ჰქონდა, სულ შემოსავალი - 10,632 მლნ ლარი. დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის.
შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ბათუმი) შრომის ანაზღაურების ხარჯი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 79 535 ლარით გაიზარდა და 1,9 მლნ ლარი შეადგინა. მას 2019 წელს 890 088 ლარის მოგება აქვს, შემოსავალი 4 055 923 ლარია. დასაქმებულია 95 ადამიანი.
შპს მარნეულის სოფწყალის შრომის ანაზღაურების ხარჯი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 348 774 ლარით გაიზარდა და 798 146 ლარი შეადგინა, 2019 წელს კომპანიის ზარალი 118 681 ლარია, შემოსავალი 2,133 მლნ. შპს -ში 2019 წელს 136 ადამიანი იყო დასაქმებული.
შპს თელავის მუნიციპალიტეტის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის შრომის ანაზღაურების ხარჯი 2019 წელს 825 842 ლარია. არ არის ინფორმაცია წინა წელთან შედარებით ხარჯი გაზრდილია თუ არა. 2019 წელს 481 272 ლარის მოგებაზე გავიდა, შემოსავალი 1,8 მლნ-მდეა. დასაქმებულთა რაოდენობა კი - 114.
შპს მცხეთის სოფწყალის შრომის ანაზღაურება 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 44 073 ლარით გაიზარდა და 537 048 ლარი შეადგინა, 2019 წელს 141 307 ლარის ზარალი განიცადა, შემოსავალი 891 850 ლარია. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 93-ია.
შპს საჩხერის წყალკანალის შრომის ანაზღაურების ხარჯი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 39 168 ლარით გაიზარდა და 333 562 ლარი შეადგინა. შპს-მ წელი 293 356 ლარის ზარალით დაასრულა, შემოსავალი 770 389 ლარია. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 83.
მწირე ინფორმაციაა შპს სატისის (ოზურგეთი) შესახებ. 2019 წელს შრომის ანაზღაურების ხარჯი 245 501 ლარია, თუმცა არ არის ინფორმაცია, წინა წელთან შედარებით ხარჯი გაზრდილია, თუ შემცირებულია. კომპანია არც მოგებაზე გასულა და არც ზარალი აქვს. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 41-ია. შემოსავალი 484 600 ლარი.
შპს პარკინგსერვისის (ქუთაისი) შრომის ანაზღაურება 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 42 228 ლარით შემცირდა და 344 667 ლარი შეადგინა. კომპანიამ 2019 წელს 424 391 ზარალი მიიღო, შემოსავალი 455 322 ლარია. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი, 2019 წლის მონაცემებით 37-ს შეადგენს.
შპს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის (ქუთაისი) შრომის ანაზღაურება 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 40 456 ლარით შემცირდა და 137 410 ლარი შეადგინა. 372 962 ლარის ზარალი განიცადა, შემოსავალი 326 571 შეადგენდა. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 23-ია.