უკანონოდ შესახლებულებს “ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის ფართის დატოვებას სთხოვენ
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ ჩუბინაშვილის ქ.52, კონსტიტუციის ქ.6-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომლის პრივატიზაციაც სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნით მოხდა და კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული.
„შენობა, რომელიც უკვე კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე სახელმწიფოსაგან მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციები აქვთ მიღებული. ვგულისხმობ, დევნილის სტატუსის მქონე მოსახლეობას, რომლის წინაშეც სახელმწიფომ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულებები. მათთან ერთად უკანონოდ არიან შენობა-ნაგებობაში არასტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც არღვევენ კანონოს“,- აღნიშნა ზურა ჩიკვილაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, შენობაში მცხოვრებ ოჯახებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არაერთხელ შეხვდნენ და შენობა-ნაგებობის დატოვება მოუწოდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა კანონდარღვევასთან, ჩვენთვის მაინც პრიორიტეტულია ის, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ოჯახებში მცირეწლოვანებიც ცხოვრობენ. ყველა ამ ოჯახს, წერილობითაც მიეცათ განმარტება, რომ ისინი არ დარჩებიან ღია ცის ქვეშ და მათ ექნებათ ქირით უზრუნველყოფილი ფართები.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოიძიეს ფართები, სადაც შეიძლება გადავიყვანოთ აღნიშნული ოჯახები. ამავდროულად, კომპანია, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს აღნიშნული შენობა-ნაგებობა, გამოთქვამს სურვილს და ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით, რომ ფინანსური დახმარება შეუძლია გაუწიოს იმ ოჯახებს, რომელთაც ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ. თბილისის მერია მზად არის, სხვა შეჭირვებული ოჯახების მსგავსად თბილისში ყველა არსებული სოციალური პროგრამით დაეხმაროს აღნიშნულ ოჯახებს, ასევე ვუქირაოთ ბინები, რათა ხელი არ შეეშალოს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დახმარებას და მათთვის იმ კუთვნილი ფართების გადაცემას, რომელსაც მრავალი წელია უიმედოდ ელოდნენ ჩვენი მოქალაქეები. მოვუწოდებთ ზემოაღნიშნულ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფართების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, შემდგომი რეაგირებისათვის“,- განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.