ტურიზმის სექტორში დასაქმებულები: მთავრობას 1 კვირიან ვადას ვაძლევთ
ტურიზმის სექტორში დასაქმებულები მთავრობას 1 კვირიან ვადას აძლევენ იმისთვის, რომ რეგულარული ფრენები აღდგეს ქვეყნებთან, ვისთანაც საზღვარი გახსნილია. ამ მოთხოვნით დღეს მთავრობის კანცელარიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
„გაჩერებას არ ვაპირებთ. მთავრობას 1 კვირიან ვადას ვაძლევთ იმისთვის, რომ შედეგიანი ნაბიჯი გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტი გავაპროტესტებთ და ეს გაგრძელდება, სანამ არ დავინახავთ, რომ ის, რაც მთავრობას ევალება იმას ასრულებენ. შეხვედრები, რომელსაც მთავრობა ჩვენთან ატარებდა, არანაირ ქმედითს არ ასრულებდა. იყო შეხვედრა შეხვედრებისთვის“,- აღნიშნა გიდმა, სალომე კვარაცხელიამ „ბიზნესპარტნიორთან“.
მისივე თქმით, დღეს ქართველ მოქალაქეთა უმრავლესობას არ აქვს თავისივე ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება, რაც შიდა ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს.
„რამდენად აქვს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს საშუალება, რომ საქართველოში იაროს? ეს კითხვაა დასასმელი და რამდენად არიან ჩვენი მთავრობის წევრები რეალობასთან ახლოს, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ ვიმოგზაუროთ საქართველოში. შიდა ტურიზმის წვლილი ტურიზმის სფეროში 1%-მდეა. ჩვენი საშუალო შემოსავლებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი არასწორია. კარგია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მოვასმენინოთ ეს მოწოდებები, იმოგზაურე საქართველოში, მაგრამ სიტყვა და საქმე ერთმანეთს სრულიად აცდენილია“,- განაცხადა გიდმა.