საზოგადოება
25/05/2022
წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება
წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გზის გამართულად ფუნქციონირება, მოსახლეობისთვის, ტურისტული თვალსაზრისით და მომლოცველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე აქამდე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი.
რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირდება ხიდი მდ. კავთურაზე, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ავტოსადგომი, განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.6 მლნ ლარამდეა.