საზოგადოება
28/04/2021

ციფრული ჯანდაცვა - რას ითვალისწინებს რეფორმა, რომელიც 1-ელი ივნისიდან იწყება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება. დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება. ის ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს. კონკრეტულად, პირველადი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების გაუმჯობესებულ მექანიზმს. პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოცულობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, ოჯახის ექიმის როლის გაძლიერებას და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას. ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას. ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რომელიც გულისხმობს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის ახალ, ციფრულ დონეზე გადასვლას. უკვე შესყიდულია ტელემედიცინის სისტემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება რეგიონების ამბულატორიებში. ტელემედიცინა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხელს შეუწყობს ადგილზე ჰქონდეთ გაუმჯობესებული წვდომა, როგორც პირველად ჯანდაცვაზე, ისე სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, იგეგმება სასწრაფო დახმარების პერსონალის ანაზღაურების გადახედვა.

"ასევე მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურებისა და შრომის უფლებების ნაწილში. მათი სათანადო ანაზღაურების, დაბალანსებული სამუშაო გრაფიკის და ღირსეული შრომითი გარემოს უზრუნველყოფა იქნება სახელმწიფოს პასუხი მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზე“,- განაცხადა მინისტრმა.