საზოგადოება
21/12/2021

წერილი თოვლის ბაბუს – საქველმოქმედო ფონდის "სიცოცხლე სიკეთისთვის" საახალწლო კამპანია

საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების გახარება, ამიტომ საქველმოქმედო ფონდმა "სოცოცხლე სიკეთისთვის" ერთგვარი კამპანიის სახით ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება გადაწყვიტა.

ფონდის დამფუძნებელი სოფო მეიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ აქამდე, ყოველ ახალ წელს 10 ოჯახს და 60 ბავშვს უქმნიდნენ სადღესასწაულო განწყობას, მაგრამ წელს პროექტი "წერილი თოვლის ბაბუს" ფარგლებში უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შეძლებენ.  

"წერილებს უმეტესად მოხუცები და ბავშვები გვიგზავნიან, სადაც ხშირად თბილ ტანსაცმელს, საჭმელს და სხვადასხვა ნივთს ითხოვენ, რაც ბევრისთვის ელემენტარულია, თუმცა მათი ახალი წლის გასალამაზებლად ესეც კი საკმარისია. ხშირად წარმოდგენაც არ გვაქვს როგორ პირობებში ცხოვრობენ ჩვენს გარშემო ადამიანები და განსაკუთრებით ბავშვები, რომლებსაც ორცხობილაც კი აბედნიერებთ.  

მინდა აღვნიშნო, რომ წელს ყველაზე ბევრი, 100 წერილი გვაქვს და აქედან 80–ზე მეტს უკვე გამოუჩნდა თავისი თოვლის ბაბუა ან თოვლის ბებია. დახმარების მსურველთა აქტიურობა წელს უფრო მაღალია, ვიდრე შარშან. რამდენიმე კომპანიაც ჩაერთო ამ პროექტში."–აღნიშნავს, სოფო მეიშვილი.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ფონდის ცნობადობა დაბალია, რამდენიმე ოჯახს, მთელი წლის განმავლობაში ეხმარებიან. ასევე, პროდუქტების გარდა, ხშირად დასაქმებაში და საცხოვრებელი პრობების გაუმჯობესებაშიც ეხმარებიან მათ.

"სამწუხაროდ, არ გვყავს დონორი, რომელიც სისტემატიურად დაგვაფინანსებს მცირედით მაინც, ასევე, ძალიან ცოტა თანხა გროვდება ჯგუფში და ხშირად ჩვენი პირადი სახსრების გაღება გვიწევს, თუმცა რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ კეთილ ადამიანებთან ერთად. პანდემიამდე, საქველმოქმედო გამოფენებსაც ვაწყობდით ფონდის ორგანიზებით,"–აღნიშნავს სოფო მეიშვილი.  

ინფორმაციისთვის, საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე სიკეთისთვის", რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი ოჯახების, თავშესაფარში მცხოვრები მოხუცებისა და ბავშვების დახმარებაა, სოფო მეიშვილმა მეგობრებთან ერთად დააფუძნა, რომელსაც 7 წლის წინ ოფიციალური სახეც მიეცა და ფონდის საქმიანობას უცნობი ადამიანებიც შეუერთდნენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფონდის ოფიციალურ FB ჯგუფში გაწევრიანება.