საზოგადოება
23/11/2020

წელს საქართველოში 14 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

2020 წელს  ქვეყნის მასშტაბით, 14 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ განუცხადა, აქედან 3  ახალი სკოლის (თბილისის 86-ე სკოლა, 138-ე საჯარო სკოლა და კომაროვის სკოლა) მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) 25 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

„უკვე აშენდა 11 ახალი სკოლა, მათ შორისაა, წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში და სიქთარვაში, კახეთში, სოფელ მაჩხაანში და ა.შ. წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 საჯარო სკოლას, დასრულებულია 88 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მიმდინარე ეტაპზე გვაქვს 45 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რომელიც ნოემბრის ბოლოს სრულდება,“ - აცხადებს ფარცვანია.  

შეგახსენებთ, სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მისიაა საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრება.