TI: საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პარლამენტს მოუწოდებს, "თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი არ დაამტკიცოს, რომლის თანახმადაც საკრებულოებში ფრაქციების შექმნის წესი იცვლება, მოადგილეების რაოდენობა კი, იზრდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გაუგებარია, თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდა როგორ გააუმჯობესებს და გახდის უფრო ეფექტურს საკრებულოს საქმიანობას.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" აცხადებენ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა, პირველ რიგში, გაზრდის საბიუჯეტო დანახარჯებს.
"დღეის მდგომარეობით, საკრებულოების 64 თავმჯდომარეს 73 მოადგილე ჰყავს, ამ ცვლილებით კი მათი რაოდენობა დაახლოებით 195-მდე გაიზრდება.
საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაიცემა შრომის ანაზღაურება, საწვავის, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებისა და სხვა ხარჯები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლიდან მუნიციპალიტეტების უმეტესობაში შრომის ანაზღაურების მოცულობა ისედაც იზრდება, ახალი თანამდებობების შემოღება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ადგილობრივ მწირ საბიუჯეტო რესურსებს.
არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მინიმალურია იმის გარანტია, რომ ახალი თანამდებობის შემოღება ხელს შეუწყობს საკრებულოს საქმიანობისა თუ აღმასრულებელ ორგანოებზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდას - საკრებულოთა საქმიანობა არ არის ეფექტური იმ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც თავმჯდომარეებს დღესაც ორი მოადგილე ჰყავთ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” არაერთხელ შეისწავლა ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოთა საქმიანობა და ყველა შემთხვევაში საკრებულოები აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებენ. საკრებულოები უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებენ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი ერთეულით, შესაძლოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს გამართლებული, თუკი ორიდან ერთი მოადგილე საკრებულოში მყოფი ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის/ბლოკის წარმომადგენელი იქნება, თუმცა მსგავსი პირობა საკანონმდებლო ინიციატივაში არ არის დათქმული.
რაც შეეხება ფრაქციებს, ერთის მხრივ, კარგია, რომ იცვლება ფრაქციის შექმნის წესი და გამოირიცხება მათი რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა ავტომატურად ვერ გააუმჯობესებს ფრაქციათა საქმიანობას.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის დეკემბრიდან შემოიღეს, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ახალი თანამდებობა ფრაქციის საქმიანობის ეფექტურობას გაზრდიდა, არ გამართლდა. ეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევებმაც დაადასტურა - ჩვენს მიერ შესწავლილ ყველა საკრებულოში არის არაერთი ფრაქცია, რომელთაც არცერთი ინიციატივა არ ჰქონიათ.
პრობლემურია ის გარემოებაც, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან თანამდებობის პირები და იღებენ შესაბამის ხელფასს, მაგრამ აღარ ავსებენ დეკლარაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა კიდევ უფრო გაართულებს საკრებულოში ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის შესაძლებლობებს.
ვფიქრობთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების რეალურ მიზანს წარმოადგენს საკრებულოებში არჩეული მმართველი პარტიის აქტიური წევრების თანამდებობებით უზრუნველყოფა და სახელმწიფო სახსრებით დაფინანსება. ეს კიდევ უფრო გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს ქვეყნის რეგიონებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას, ისედაც გაცილებით მეტ რესურსზე მიუწვდება ხელი, ვიდრე ოპოზიციას", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეკომენდაციაა, საქართველოს პარლამენტმა უარი თქვას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდაზე; საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი, სხვა თანამდებობის პირების მსგავსად, უნდა იყვნენ ვალდებულნი, შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები.