საზოგადოება
04/05/2022

TI: კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობის გაფართოება რისკებს შეიცავს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანით, საგამოძიებო უწყებების მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა ფართოვდება, რაც რისკის შემცველია. 

კანონპროექტის თანახმად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც გადაუგზავნის. საგამოძიებო სამსახური იმ უწყებების ჩამონათვალშიც შევა, რომელთანაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს. კანონპროექტით, გაფართოვდება იმ დანაშაულების სიაც, რომლებზეც ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება.

"კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებამ მართალია ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას შეიძლება შეუწყოს ხელი, თუმცა ამ ინფორმაციასთან სასამართლოს კონტროლის გარეშე წვდომა კავშირში უნდა იყოს დანაშაულის ტიპთან. მოცემული კანონი ეხება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების საკითხებს და ამდენად, უფლებამოსილებათა გაფართოება მხოლოდ ამ დანაშაულებთან დაკავშირებულ გამოძიებაზე შეიძლება ვრცელდებოდეს. ცვლილებების შედეგად კი, აღნიშნული მექანიზმი ყველა დანაშაულის გამოძიებაზე გავრცელდება, რაც გაუმართლებლად ზრდის საგამოძიებო უწყებების უფლებამოსილებას, სასამართლო კონტროლის გვერდის ავლით მოიპოვონ პირთა კონფიდენციალური ინფორმაცია", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".