საზოგადოება
20/04/2022

ბრძოლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ - კანონში ცვლილებები შედის

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონში ცვლილებები შედის. 

პარლამენტში ინიცირებულია "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონპროექტი. 

კანონპროექტით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც გადაუგზავნის. საგამოძიებო სამსახური იმ უწყებების ჩამონათვალშიც შევა, რომელთანაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს. მოქმედი კანონმდებლობით, ამ უწყებების ჩამონათვალში შედის: გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შსს. 

კანონპროექტით, გაფართოვდება იმ დანაშაულების სიაც, რომლებზეც ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება. მოქმედი კანონმდებლობით, კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების მიზანი არის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლისა (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება) და 1 თავის (ნარკოტიკული დანაშაული) საფუძველზე მიმდინარე გამოძიებების მიზნების მისაღწევად. კანონპროექტი მითითებას აკეთებს "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებულ დანაშაულებზე და არა კონკრეტულ მუხლებზე. 

კანონპროექტით, საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდებათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესისი მისაღებად. 

ამასთან, ცვლილების თანახმად, რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების მინიმალურ ვადად 2 წლის ნაცვლად 3 წელი განისაზღვრება. 

Businesspartner