თეთრიწყაროს მერი: მანგლისს ბუნებრივი გაზი 2 თვეში ექნება
დაბა მანგლისში მოსახლეობას ბუნებრივი აირი დაახლოებით 2 თვეში ექნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ განუცხადა, ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და ის მუნიციპალიტეტმა ექსპლუატაციაში უკვე მიიღო.
მისი განცხადებით, დარჩენილია გარკვეული პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ გამრიცხველიანებას დაიწყებს.
„ქონება უნდა გადავიდეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, შემდეგ ეს უკანასკნელი გადასცემს ქონების მართვის სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ გადასცემს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“. უკვე ამის შემდეგ დაიწყება გამრიცხველიანება, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება. ეს სამუშაოები დაახლოებით 2 თვიან პერიოდს მოიცავს,“ - აცხადებს ქორიძე.
შეგახსენებთ, დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. საუბარია 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენის მშენებლობაზე. შედეგად, 1 558 აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. სამუშაოების ღირებულება 11,5 მლნ ლარია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გასული წლის ივლისში აცხადებდა, რომ დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია აქ გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
„ეს იყო აქაურების ძალიან დიდი ხნის ოცნება, რომელიც გაზიფიცირების 3-წლიანი მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გავითვალისწინეთ და მომავალი წლის მარტში აქ უკვე დასრულებული იქნება დაქსელვა, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი 1 558 ოჯახს მიეწოდება“, - აცხადებდა მინისტრი.
მოსახლეობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმით, ქვემო ქართლის რეგიონში, 29 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული.
2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 384 დასახლებული პუნქტი, რომელიც 88 363 აბონენტს მოიცავს. აღნიშნულისთვის 270 მილიონი ლარი დაიხარჯება.