საზოგადოება
03/11/2021

თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე: რამხელა შესაძლებლობას უშვებს მოსახლეობა ხელიდან

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 25%-ია სრულად ვაქცინირებული, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, დაბალი მაჩვენებელია. 

მისი თქმით, სრულად ვაქცინაცია კოვიდინფიცირებულების გარდაცვალების მაჩვენებელს 10-ჯერ შეამცირებს. 

"ჩვენ რომ სრულად ვაქცინირებული ვიყოთ, დღეს თუ გვაქვს 49 გარდაცვალება, გვექნებოდა 4-5 გარდაცვალება. რამხელა შესაძლებლობას უშვებს ხელიდან ჩვენი მოსახლეობა, როცა ამჟღავნებს სკეპტიციზმს და ინერტულობას. არ ვიცი რა ჭარბობს, სკეპტიციზმი და ანტივაქსერობა, თუ უბრალოდ ინერტულობა, როცა არ თვლიან საჭიროდ ვაქცინის გაკეთებას. მართალია ჩვენ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ დღეს არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს- საუკეთესო ვაქცინები, ვაქცინაციისთვის 500-ზე მეტი პუნქტი, ავტობუსები ქუჩებში, მობილური ბრიგადები სოფლებში და ვაქცინაციის მარათონი, წახალისებები. ნუ ვილაპარაკებთ რაიმე საინფორმაციო კამპანიის სიმწირეზე, ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოშია, შეუძლებელია", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების სამი ფაქტორია - პირბადის გამოყენების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი, დაბალი ვაქცინაცია და ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის აქციები.