საზოგადოება
03/11/2021

თენგიზ ცერცვაძე: აუცილებელია "მწვანე ბარათები" და ცალკეული ჯგუფებისთვის სავალდებულო აცრა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა შემოიღონ "მწვანე ბარათი", ცალკეული ჯგუფებისთვის კი, - პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ძალოვანებისთვის, ორსულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. 

რატომ არ მიიღო აქამდე ქვეყანამ "მწვანე ბარათების" შემოღებაზე ზომები, თენგიზ ცერცვაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს საქართველოს პირობებში მარტივი არ არის.

"მაგალითად, იტალიაში დიდი გამოსვლები იყო, სახელმწიფოს დაჭირდა წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც წინააღმდეგი იყო ამ "მწვანე პასპორტების". ამ პოლარიზებულ სიტუაციაში, უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში, "მწვანე პასპორტების" გამო სახელმწიფოს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რომ გამოეყენებინა, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური პროცესი მოჰყვებოდა? ამიტომ ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს. მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.