საზოგადოება
08/09/2021

თემურ მიქელაძე: 12 წლიდან რისკჯგუფის მოზარდები მშობლის თანხმობით აიცრებიან

საქართველოში 12 წლის ზემოთ ასაკის რამდენიმე მოზარდი უკვე ვაქცინირებულია. როგორც პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა, მათ ქრონიკული დაავადებები აქვთ და მათთვის ვაქცინაცია აუცილებელი იყო. ვაქცინაციის შემდეგ მოზარდებს გვერდითი მოვლენები არ ჰქონიათ. ერთ-ერთ კორონავირუსიც შეხვდა, თუმცა მან ინფექცია მარტივად გადაიტანა. 

თემურ მიქელაძის თქმით, საქართველოში 12 წლის ზემოთ ქრონიკული რისკჯგუფის მოზარდების აცრა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც სპეციალურ ფორმას ავსებს და აგზავნის ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებიდან კი, რეაგირება მალევეა. 

“ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფის მქონე ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ. ვაქცინა იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომელთა შემთხვევაშიც ლეტალობით დასრულებაა მოსალოდნელი. ამ გამონაკლისის დაშვება მოხდება მშობლების მომართვის საფუძველზე. არასრულწლოვანი ბავშვები მშობლების თანხმობით იცრებიან. ვისაც აქვს სურვილი, დღესვე შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს, რომლებიც ავსებენ სპეციალურ ფორმას, იგზავნება სამინისტროში და მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება. ოჯახის ექიმმაც უნდა დაარწმუნოს, რომ ამ ბავშვს სჭირდება ვაქცინაცია, რადგან მას აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც ვირუსი შესაძლოა მომაკვდინებელი იყოს და ასეთი შემთხვევა ჩვენ სამწუხაროდ უკვე გვქონდა. საუბარია 12-დან 15 წლამდე ქრონიკული რისკ ჯგუფის მოზარდებზე“,- განაცხადა თემურ  მიქელაძემ.