ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდება
ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდება. ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა. ამ ეტაპზე პროექტს გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში განიხილავენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, პირველადი ჯარიმა იგივე დარჩება, 50 ლარი, სიახლეა განმეორებითობის შემოღება. ამ შემთხვევაში რამდენი იქნება ჯარიმა, ჯერ განხილვის საგანია და ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
"მთავარი მიზანია, ტექნიკური ინსპექტირების საკითხი უფრო ეფექტიანი იყოს. დღევანდელი მდგომარეობით, ჯარიმის სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, არც მიმართვიანობა შემცირებულა. სამწუხაროდ, მანქანების რაოდენობაც იზრდება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი ჯარიმის ოდენობა ტექინსპექტირების გავლის საფასურის იდენტურია. ადამიანებს უღირთ, რომ ტექინსპექტირების გავლის ნაცვლად ჯარიმა გადაიხადონ, არ გამოასწორონ მანქანის ტექნიკური ხარვეზი და დაჯარიმდნენ. ძირითადი განხილვის საკითხია განმეორებითობის შემოღება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავცვალეთ პოზიციები. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ეს მესამე შეხვედრა იყო, მომდევნო კვირაში ველოდებით პოზიციების წარმოდგენას, რის შემდეგაც უკვე კანონპროექტს პარლამენტში დავაინიცირებთ. პირველადი ჯარიმა არ გაიზრდება, ისევ 50 ლარის ოდენობით იქნება, თუმცა კანონმდებლობით განისაზღვრება განმეორებითობა", - აღნიშნა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვას პარლამენტი შემოდგომაზე დაიწყებს.