საზოგადოება
16/06/2021

თბილისში კიდევ 1315 ადგილზე ამოქმედდება ზონალობრივ-საათობრივი პარკირების სისტემა

თბილისში კიდევ 1315 ადგილზე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა.

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა შემდეგ ქუჩებს დაემატება:

საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ახალი საპარკინგე ადგილი დაემატება და გავრცელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა.

სადგურის მოედანზე, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩაზე 281 ადგილზე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა.

გლდანში, მეტრო “ახმეტელის“ მიმდებარედ , გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩაზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა.

სამგორის რაიონში, როგორც ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ, ისე ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე, 117 ადგილი იფუნქციონირებს ანალოგიური სისტემით.

“ჯამში 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება ზონალურ-საათობრივი საპარკინგე სისტემა. მათ შორის გამოყოფილი იქნება ადგილები შშმ პირებისთვის, აქაც ანალოგიურად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე ადგილები გამოიყოფა ელექტრომობილებისთვის, დამტენი სისტემები დამონტაჟდება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ელექტრომობილები წავახალისოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისთვის და უფასო პარკირების სარგებლობის მიზნით რეგისტრაციისთვის საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები იმოქმედებს.

პავილიონები განთავსდება შემდეგ ქუჩებზე:

დოლიძის ქ. N24, ალექსიძის ქ. N1, ბახტრიონის ქ. N13, N30, ციცნაძის ქ. N61, ლორთქიფანიძის ქ. N10, აბასთუმნის ქ. N1ა-ს მოპირდაპირე მხარეს, სადგურის მოედანზე, კერძოდ გოგოლის ქ. N32, გობრონიძის ქ. N100 და მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“ზონალობრივ-საათობრივი პარკირების დანერგვა დაწყებულია მთელი ქალაქის მასშტაბით. გვქონდა საპილოტე პროექტები კონკრეტულ უბნებში, არეალებში, რომელიც მართლაც წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროგრამის დანერგვით ჯამში 5 000-მდე საპარკინგე ადგილი შეიქმნა, სადაც გადასახადი საათში არის 1 ლარი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება სრულიად უფასოა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.