თბილისში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ადაპტირებული გასართობი სივრცე გაიხსნა
თბილისში, ზოოპარკის ტერიტორიაზე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ადაპტირებული გასართობი სივრცე - „ანდიო ლენდი“ გაიხსნა.
პარკი, არაფორმალურ გარემოში, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, ასევე ტიპიური განვითარების ბავშვებს თანაბარ პირობებში გართობის საშუალებას აძლევს.
როგორც „ანდიო ლენდის“ თანადამფუძნებელმა ილიკო თვალიაშვიმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მან, მეუღლესთან ერთად, პროექტზე მუშაობა 6 წლის წინ დაიწყო.
„ვიდრე პროექტს განვახორციელებდით, გავეცანით საჭირო ლიტერატურას და ფსიქოლოგებთანაც გავიარეთ კონსულტაციები. დღეს რაც პარკშია წარმოდგენილი, ყველაფერი საკუთარი სახსრებით და ხელებით შევქმენით. ეს ზღვაში წვეთია იმისა, რის გაკეთებასაც ამ სივრცეში ვგეგმავთ,“ - ამბობს ილიკო თვალიაშვილი.
„ანდიო ლენდი“ 16 სახის საქანელას, გონების სავარჯიშო თამაშობებს (ანბანი; ფაზლები), ბურთების აუზსა და სხვა ატრაქციონებს აერთიანებს.