თბილისში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა დაინერგება
თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში ვმუშაობთ ყველა მიმართულებით: ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ავტობუსების განახლების პროექტი, ასევე, მიკროავტობუსებზე გვაქვს გამოცხადებული ტენდერი, რათა მოხდეს მათი ჩანაცვლება-განახლება და წლის ბოლომდე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად განახლებული იქნება. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით: ვაპირებთ, კიდევ ჩამოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი რაოდენობა. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს მგზავრების გადაყვანა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა შესაძლებლობას იძლევა, რომ გზებზე საცობების რაოდენობა შემცირდეს, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები.
„როდესაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია, ვთქვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული, სწრაფი და კომფორტული. ამიტომ, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ის პროექტები, რომელიც დაწყებულია, ერთმანეთის პარალელურად ხორციელდება. მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად, თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები. ამ მიმართულებით გერმანიის მთავრობა გვეხმარება. ამ პროექტის შემუშავებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში ჩართულია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია „გოპა“. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლერებზე გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გვეცოდინება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სხვა პროექტებთან ერთად, თბილისს საცობების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
„ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პრობლემები, რომლებიც ქალაქში გვაქვს საცობებთან დაკავშირებით, ნაწილობრივ განიტვირთოს. რა თქმა უნდა, სრულად განტვირთვის შესაძლებლობას მხოლოდ შუქნიშნები ვერ მოგვცემს, მაგრამ მთლიანობაში ის რეფორმები, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს. ეს პროექტები ყველა დიდ ქალაქშია განხორციელებული, სადაც საცობების თვალსაზრისით, ანალოგიური პრობლემები არსებობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.