თბილისს ახალი უბანი შეემატება
თბილისს ახალი უბანი შეემატება. 5 მლნ კვ.მ ტერიტორია, რომელიც თბილისის ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს. ტერიტორია განკუთვნილია ინდივიდუალური განაშენიანებისთვის.
"ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის შემოგარენზე კერძო დასახლებებზე მოთხოვნა. შესაბამისად, ჩვენ დავაგეგმარეთ ახალი უბანი", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.
მისი ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყობა 2 300-ზე მეტი ინდივიდუალური მიწის ნაკვეთი, სახლების მშენებლობის მიზნით. საცხოვრებელი ნაკვეთების ფართობი იქნება - 2 564 342. მოეწყობა აგრეთვე რეკრეაციული სივრცეები, ველობილიკები. სკოლისთვის და ბაღისთვის გამოიყოფა ტერიტორია, რომლის ფართობიც იქნება 189 969 კვ.მ.
"აღნიშნული ტერიტორიის დაყოფა მოხდება რამდენიმე სექტორად, მათი განხორციელება მოხდება მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით. ეს მიწის ნაკვეთები გამოყენებული იქნება სხვადასხვა პრობლემური მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის და მონაცვლეობის მიზნით. ამ პროექტის მთავარი კონცეფციაა ის, რომ საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობას მუნიციპალიტეტი სოლიდური თანადაფინანსებით მოახდენს - ეს არის გზები, ველობილიკები, რეკრეაციული სივრცეები, სკვერები, გზაგამყოფი მწვანე ზოლები, მიწისქვეშა კომუნიკაციები და რა თქმა უნდა გარე განათება",- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.