საზოგადოება
21/09/2021

თბილისს 30 ახალი ავტობუსი და 90 მიკროავტობუსი შეემატა

თბილისში 23 სექტემბრიდან დამატებით 30 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი და 90 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს. 

კახა კალაძის განცხადებით, მერიას 380 ახალი ავტობუსის შემოყვანის გადაწყვეტილება აქვს. აქედან 180 იქნება 8 მეტრიანი ავტობუსი. დღეს 35 ერთეული შემოვიდა თბილისში და მოსახლეობას 23 სექტემბრიდან მოემსახურება. დანარჩენი თებერვლამდე შემოვა. 

"მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 200 ერთეული, 18 მეტრიანი ავტობუსი. არის კონკრეტული მარშუტები, სადაც ეს 18 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. ცხადია, გადაწყვეტილება მიღებულია ქუჩების ფართობიდან გამომდინარე, შესაბამისად გამოყოფილია კონკრეტული სპეციალური ხაზები და მარშუტები, სადაც ისინი იმოძრავებენ",- აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული მიკროავტობუსების პარკი. 

"ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველასათვის ხელმისაწვდომი. 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში იყოს კონკრეტული ადგილები გამოყოფილი გზებზე, სადაც ავტობუსს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლება გადაადგილება. ეს არის საავტობუსე ზოლები, რაც ყველა პროექტის განხორციელების დროს აუცილებლად იქნება გათვალისიწნებული. ცხადია ყველა ქუჩაზე ვერ მოხერხდება ამის გაკეთება, სივიწროვიდან გამომდინარე",- განაცხადა კახა კალაძემ.