საზოგადოება
02/10/2020

თბილისის ურბანული ტყის 16 მლნ-იანი პროექტი - პრეზენტაცია ოქტომბერში გაიმართება

პროექტი ახალი სიცოცხლე ჩვენს ქალაქს, რომელიც მთაწმინდის ფერდობის გამწვანებას გულისხმობს, როგორც „ბიზნესპარტნიორისთვის“ გახდა ცნობილი, მისი  პრეზენტაცია ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ „ქართუსა“ და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად 2020 წლის მაისში გამართა, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

საუბარია დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებაზე, რომელიც მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ემიჯნება ოქროყანის დასახლებას.

როგორც ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, ფონდ „განვითარება და გარემოს“ თავმჯდომარე  თემურ ტყემალაძე აცხადებს, პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

მისი განმარტებით, პროექტში ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა როგორც ტურისტული, ასევე სპორტული, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის. გათვალისწინებულ იქნება გზები სამთო ველოსიპედების, საცხენოსნო და სხვადასხვა დამატებითი სპორტული აქტივობებისთვის. მოეწყობა სკამები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები, გარე განათების სისტემები.

როგორც ტყემალაძე აცხადებს, ტერიტორიაზე ჩატარდა 14 მიმართულებით ურთულესი კვლევა, ამჟამად  მიდის დაგეგმარება. რამდენიმე დღეში კი ზეხმელი და დაზიანებული ხეების მოჭრის პროცესი დაიწყება. ტყემალაძის განცხადებით, პროექტი  4 წელში დასრულდება.

„ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მილიონი ლარის ფარგლებში აფინანსებს.

„ბიზნესპარტნიორი“ გთავაზობთ პროექტის ფოტომასალას, რომელიც კვლევის სამუშოების დროსაა გადაღებული და რომელსაც  ფონდი „განვითარება და გარემოს“  პირველად ასაჯაროებს: 

 

ბოტანიკოსები საკვლევ არეალზე

 

ზოოლოგები საკვლევ არეალზე: