საზოგადოება
13/10/2021

თბილისის მერია ნაგავმზიდებსა და ქუჩის მექანიკურ დამგველებს შეიძენს - დაიხარჯება € 9 მლნ

თბილისის მერია 67 ერთეულ ნაგავმზიდსა და 7 ერთეულ ქუჩის მექანიკურ დამგველს შეიძენს. ამისთვის ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ გამოყოფილი სესხიდან 9 მლნ ევრო დაიხარჯება.

თბილისის მერის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ტექნიკის შემოყვანას 8-10 თვეში უზრუნველყოფენ. 

"ჩვენ დაწყებული გვაქვს მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფა. ამაში გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. 2018 წლის 27 ნოემბერს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საუბარია სესხზე, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ პროექტის განხორციელებას. ამ პროექტის ფარგლებში გადაწყვეტილია ნაგავმზიდების შეძენა. გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც მოგვაწვდიან შესაბამის ტექნიკას. ამ პროექტისთვის 15 მლნ ევრო იყო გამოყოფილი. სესხის ძირითადი კომპონენტებია: სპეცტექნიკის, მათ შორის 67 ერთეული ნაგავმზიდისა და 7 ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველის შეძენა, რომელთა ღირებულება ჯამში 9 მლნ ევროა", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით იგეგმება 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა, მათ შორის 44 ერთეული იქნება ნარჩენების შემგროვებელი მანქანა. 

"ზოგადად თბილისს 120 ერთეული ნაგავმზიდი ემსახურება და ძალიან მალე ეს პარკი მთლიანად განახლდება", - განაცხადა კახა კალაძემ.