საზოგადოება
21/12/2021

თბილისის ბიუჯეტიდან მუზეუმებისთვის ₾4 მლნ-მდე გამოიყო 

ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში 3.7 მლნ ლარია გათვალისწინებული. 

როგორც პროექტში წერია, იგეგმება მუზეუმების ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები, საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურება, მუზეუმების რეაბილიტაცია, ახალი პროექტების შემუშავება.  

გათვალისწინებულია ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეას ფუნქციონირების ხელშეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 164 000 ლარი. 

"ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოებისა და განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობით მოხდება სურათების გალერეის საქმიანობის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ხელოვანი ბავშვების აღმოჩენა, წარმოჩენა და მათი ნიჭის განვითარებისათვის ხელისშეწყობა. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აქტიური ჩართვა გალერეის ღონისძიებებში საზოგადოებაში მათი ინტეგრირების მიზნით", - აღნიშნულია პროექტში. 

გარდა ამისა, იგეგმება მუზეუმების გაერთიანების ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს შეაგროვოს, აღრიცხოს, დაიცვას, მეცნიერულად შეისწავლოს ილია ჭავჭავაძის, ზაქარია ფალიაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ვახტანგ ჭაბუკიანის, მერაბ კოსტავას, სოსო წერეთლის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალები, უზრუნველყოს მათი ექსპონირება და აღნიშნულის საფუძველზე აწაარმოს საგანმანათლებლო მუშაობა;

განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის: ფონდებში დაცული მასალების მეცნიერული დამუშავება და ამის საფუძველზე სამეცნიერო სტატიების, ანგარიშების, კატალოგების, შრომების, გამოფენის მეგზურების და ბუკლეტების გამოსაცემად მომზადება; სხვადასხვა სახეობის ფონდების სისტემატური შევსება, კოლექციების და ცალკეული საგნების მიღება სახელმწიფო დაწესებულებებისგან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, აგრეთვე, კერძო პირებისგან შესყიდვით და შემოწირულობით; ყველა აღრიცხული ერთეულიდან მემორიალური ნივთებისა და მნიშვნელოვანი ექსპონატების ბაზაზე ძირითადი ფონდის შექმნა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის სამუზეუმო ფონდის შემადგენელ ნაწილს; მოეწყობა სტაციონალური ექსპოზიციები, მოძრავი გამოფენები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

"მუზეუმების გაერთიანების მიზანია ქართული კულტურისა და ხელოვნების (მათ შორის თოჯინური ხელოვნების) პოპულარიზაცია, სამუზეუმო გაერთიანების ინსტიტუციური სრულყოფა, საგამოფენო სივრცეებისა და ექსპოზიციების განახლება, საინფორმაციო ბაზებისა და სამეცნიერო მიმართულებების მომზადება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სხვა ღონისძიებები. ასევე, სამუზეუმო განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმი-გაკვეთილის ჩატარების გზით, რომლისთვისაც მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს", - აღნიშნულია პროექტში.

მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 3.5 მლნ ლარი.